იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ხვალ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კულტურის სახლში, მე-2 რიგგარეშე
საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ მეტალურგთა და მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირიდან აცნობეს, ყრილობაზე საანგარიშო პერიოდში პროფკავშირის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს განიხილავენ.
ყრილობაზე იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან დასადები კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს წარადგენენ.
ასევე, დამტკიცდება იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის 11 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილებები წესდებაში შესატან ცვლილებებთან და პროფკავშირის კოლეგიალური ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით.
ყრილობის მუშაობაში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას.
