თურქეთის ქალაქ ანკარაში დღეს ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
როგორც "ნიუსპრესს" დიასპორის სამინისტროს აპარატიდან აცნობეს, რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით "ჩერქეზთა გენოციდი: დოკუმენტები და მასალები" ბათიკენთის კულტურის, ხელოვნებისა და ვაჭრობის ცენტრში გაიხსნა.
გამოფენაზე ჩერქეზი ხალხის გენოციდის ხსოვნის მემორიალის შექმნის კონკურსში მონაწილე ხელოვანების 29 ფოტოსურათი და საისტორიო არქივში ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებული 12 დოკუმენტია წარმოდგენილი. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სულ 37 ფოტოსურათი გამოიფინა.
გამოფენის ორგანიზატორები თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრი, თურქეთში მოქმედი კავკასიური ასოციაციების ფედერაცია - "კავკასიური სახლის" წევრები და მოძრაობა "ჩერქეზი პატრიოტები" არიან.
