კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ე.წ Must Carry-სა და Must Offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებას არჩევნების შემდეგ პეროიდშიც მოითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, Must Carry-სა და Must Offer-ის ამოქმედებამ მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა, მათივე თქმით, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეისთვის, ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა Must Carry-სა და Must Offer-ის არჩევნების შემდეგ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერ არ შექმნილა შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც აღნიშნული პრინციპების გაგრძელებას უზრუნველოყოფს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, იმასაც, რომ სხვადასხვა ორგანიზაცისების კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი განიხილება, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც კამპანიის მონაწილეთა განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზადაა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.
„ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას და მოითხოვენ - შეიქმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა და Must Offer-ის პრინციპების მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გაგრძელდეს. ასევე, დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედიასაშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე.
