დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მიღების პროცედურები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო.
"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონი ძალაში 2012 წლის 1 მარტს შევიდა.
როგორც "ნიუსპრესს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, საშუალება ექნებათ წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ზოგად და უმაღლეს განათლებას კი, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებენ.
