საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნულ არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს რიტა კალკონსა და მაიკლ ვერმოტს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, სტუმრებმა ეროვნულ არქივს ბელგიელი პოლიტიკოსის კამილ ჰიუსმანსის არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლები გადასცეს.
შეხვედრაზე საუბარი 2013 წელს ბელგიაში, ქალაქ გენტში ერთობლივი გამოფენის მოწყობას შეეხო. ექსპოზიციისთვის მასალა ეროვნულ არქივში დაცული დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციიდან შეირჩევა.
გამოფენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებლად, 18 სექტემბერს ეროვნულ არქივს გენტის ისტორიული სახლის ფოტოგამოფენებისა და განათლების სფეროს ხელმძღვანელი ანკე ჰაენი ეწვევა და კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივში დაცულ მასალას გაეცნობა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო.
