ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, პაციენტს კოვიდ-ინფექციასთან ერთად სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ განცხადება ტიკარაძემ აჭარაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ვუსამძიმრებ ოჯახს, დღეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილს მრავლობითი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა და კოვიდ- ინფექციის ფონზე მას ორმხრივი პნევმონია განუვითარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით"- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა ქარველი ექიმები გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
"წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და მინდა გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ორიენტირებული", - განაცხადა მინისტრმა.
