საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ
ირინე ქურდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაინტერესებული პირები სახელმწიფოსგან 1000-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც მიმდინარეობს.
საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია 18 სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იწარმოებს. ვაუჩერი კი, 3 000 სტუდენტზე გაიცემა.
2012 წლისთვის პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისთვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო. მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია და ვაუჩერის გაცემა 3 ეტაპად - საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო მიღებებზე განხორციელდა.
