ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ წარმომადგენლებმა ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალური დაფის მოხსნა გააპროტესტეს
ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ წარმომადგენლებმა ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალური დაფის მოხსნა გააპროტესტეს
14:18 03.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ წარმომადგენლებმა ყოფილი კორტების ტერიტორიაზე გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალური დაფის მოხსნა გააპროტესტეს.

როგორც ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან მისი შვილის სისხლი დაღვარეს, შემდეგ კი - მისი მემორიალური დაფა ჩამოხსნეს.

„ეს მიწა ჩემი შვილის სისხლითაა მორწყული. მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ეს სისხლი ჩამორეცხოს, ამოტომ, ჩემი შვილის მისავიწყებლად გადაწყვიტეს მემორიალური დაფა დაენგრიათ“ - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალური დაფა იუსტიციის სახლის მშენებლობის გამო მოხსნეს.

„მოახლოებულია არჩევნები და ახლა სიტუაციის დაძაბვის დრო არაა. მემორიალურ დაფას აქ არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოვიტანთ და დავდგამთ“- განაცხადა ვაზაგაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ კორტებთან ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდების მემორიალის გაკეთება იგეგმებოდა, ამიტომაც კორტები დაინგრა, რადგან მემორიალზე ათობით ათასი ადამიანის სახელი და გვარი იქნებოდა დატანილი.

„არჩევნებამდე 28 დღეა დარჩენილი, ამიტომ ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დავასხამთ და ამ პროვოკაციას არ წამოვეგებით. ამ დაფას ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების სახელობის დარბაზში წავიღებთ“- აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, აღნიშნული მემორიალური დაფის დადგმის ინიციატორი თავად იყო.

მისი შეფასებით, არცერთ ქვეყანას არ ახსოვს ისეთი ძალადობა, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ ხელისუფლებამ გამოიყენა, ამიტომ, ასეთი სისასტიკის ჩამდენი ხელისუფლება საბრალდებო სკამზე აუცილებლად უნდა დაჯდეს.


ბეჭდვა