„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა ცალსახად დავაზუსტო - სახელმწიფო უზრუნველყოფს
საქართველოს იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, ვისაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ბილეთი ჰქონდა საქართველოს მიმართულებით „ვიზეარის“ და „რაინეარის“ რეისზე. ამ მოქალაქეებს ტრანსპორტირების ალტერნატივას ძალიან მალე შევთავაზებთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინუსტრიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გადაწყვეტილების შეჩერებაზე კომენტარისას.
მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე შედგა „ვიზეართან“ და „რაინეართნ“ და მათი მხრიდან რაიმე სახის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ წამოსულა.
„ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება იმისგან, რა პრაქტიკაც დღესდღეობით მსოფლიოშია. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ვინაიდან იტალია არის მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნად მიჩნეული ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას ავიაკომპანიებიც გაგებით მოეკიდებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ნათია თურნავამ სექტორთან კორონა ვირუსის ფონზე არსებული გამოწვევები და მათი დარეგულირების საკითხი განიხილა.
