ტელეკომპანიები ბერა ივანიშვილის კონცერტების რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
ტელეკომპანიები ბერა ივანიშვილის კონცერტების რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
13:05 01.09.2012
ქართული ტელეკომპანიების ნაწილი მომღერალ ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტების სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარს აცხადებს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შპს „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტელეკომპანიების ეთერში რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის მიზეზად მოახლოებულ არჩევნებს ასახელებენ.

მათი განცხადებით, სოლო კონცერტების სარეკლამო დროის ყიდვის თხოვნით ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიმართეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა რეკლამის განთავსებაზე არგუმენტის გარეშე განაცხადეს უარი. ასევე, უარი განაცხადა სარეკლამო კომპანია „მაგი სტილმაც“, რომელიც რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ პირობებს ფლობს.

„საინტერესოა, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ პოზიცია, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი გადასახდით ფინანსდება. მათი პასუხიც ანალოგიური იყო - უარგუმენტო უარი სარეკლამო დროის ყიდვაზე“ - აცხადებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, მომღერლის ტურნე პოლიტიკურ რეკლამას არ წარმოადგენს, მიუხედავად ამისა, მათ სარეკლამო კამპანიის წარმოებაზე უარი პოლიტიკური ნიშნით ეთქვათ.

„ეს ყველაფერი არჩევნების მოახლოებას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება“ - აცხადებენ შპს „ქართულ ოცნებაში.

მათივე თქმით, ბერა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესის დაწყებამდეც პოპულარული მომღერალი იყო და ის საქმიანობას პოლიტიკისგან დამოუკიდებლადაც გააგრძელებს.

ბეჭდვა