დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იტალიიდან
დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში მათ ჯანმრთელობაზე, მეორე რიგში კი გარშემომყოფებზე ზრუნვაა.
"მივმართავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან. ვთხოვ, გამოიჩონონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. იტალიიდან შემოსული ყველა ადამიანი, რომელსაც მაღალი სიცხე, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი აღენიშნება შესაბამის ტრანსპორტირებას და ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება. ხოლო მათ ვისაც სიმპტომი არ უვლინდება უნდა მოთავსდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში. ეს არის პირველ რიგში მათ ჯანმრთელობასა და შემდეგ მათ ირგვლიმ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ვარაუდობს, რომ იტალიასთან ტურისტული მიმოსვლის საკითხი გადაიხედება.
"რამდენადც ვიცი ტურისტული მიმოსვლა შემცირებულია და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით დღეს იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
