საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მხოლოდ შპს „რადიო იმედმა“ მიმართა.
კომისიაში მოსამზადებელი სხდომა 2 აგვისტოს გაიმართა, სადაც „რადიო იმედის“ მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა.
დღეს ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიამ განიხილა „რადიო იმედის“ მიერ წარდგენილი საბუთები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია 2012 წლის 4 სექტემებრს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მიიღებს.
