თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატმა“ ინგა გრიგოლიამ უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია.
როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი გლდანის რაიონში მისი ერთადერთი კონკურენტია.
„ჩემს ერთადერთ კონკურენტს გლდანში ნებისმიერ არხზე დებატებში კიდევ ერთხელ ვიწვევ. ის, რომ ხაჩირაშვილი დღეს აქ არ მოვიდა, მეტყველებს იმაზე, რომ მას ჩემთან დებატებში მონაწილეობის ეშინია“- განაცხადა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ გლდანელებმა უნდა იცოდნენ ვის აძლევენ ხმას, რადგან თუ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, კანდიდატებს შორის დებატები უნდა შედგეს.
„ქრისტიან-დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აღნიშნულმა წინადადებამ სხდომაზე ხმაური გამოიწვია.
სხდომაზე თანაგუნდელი კოკი იონათამიშვილმა დაიცვა და აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ხაჩირაშვილი გლდანის მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება და მათ პრობლემას ეცნობა.
„ხაჩირაშვილს დებატებზე უარი არ უთქვამს. მისთვის გაცილებით რთულია გლდანის მოსახლეობასთან მათ პრობლემებზე საუბარი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ ოპონენტთან დებატებში მონაწილეობა და პოპულისტური განცხადებების მოსმენა“-აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატები მნიშვნელოვანია, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრები დებატებზე უფრო ღირებულია.
