გალაკტიონის ხიდთან ახალი გვირაბისა და პანდუსების მშენებლობა დასრულდა, რომლითაც ავტომობილები მარჯვენა სანაპიროზე დიღმიდან ორთაჭალისკენ გადაადგილდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მარჯვენა სანაპიროზე ორთაჭალიდან მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მარჯანიშვილის ან ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე მოსახვედრად გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით ისარგებლებს.
მერიის ინფორმაციით, მარჯანიშვილის ან ყოფილი ელბაქიძის ქუჩებიდან, მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით შეძლებენ მოძრაობის გაგრძელებას.
გვირაბის ზევით, გალაკტიონის ხიდთან, სატრანსპორტო კვანძი მოეწყო, რაც ნებისმიერი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს შუქნიშნის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები შენდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნება. აღნიშნულ პერიმეტრზე გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპოტო საშუალებები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას.
