„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვარტალური დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პროცესები სატელევიზიო გარემოზე დიდ გავლენას ახდენს
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვარტალური დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პროცესები სატელევიზიო გარემოზე დიდ გავლენას ახდენს
19:59 30.08.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვარტალური დოკუმენტის - „სამუშაო ბარათი“ მიხედვით, საქართველოს პოლიტიკური პროცესები სატელევიზიო გარემოზე დიდ გავლენას ახდენს.

კვარტალური დოკუმენტის თანახმად, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ცდილობს, რამდენიმე ტელეკომპანია საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყავდეს.

„სამუშაო ბარათის“ მიხედვით, არცერთი ის არხი, რომელიც ყოველდღიურ ახალ ამბებს აშუქებს, ქართველი ტელემაყურებლების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ პოლიტიკურად დამოუკიდებლად არ მიიჩნევა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ ტელეკომპანიებს - „იმედს” და „რუსთავი 2“-ს, „პირველ არხთან”, „კავკასიასთან” და „მაესტროსთან“ შედარებით მეტი მაყურებელი ჰყავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიების ფინანსები უფრო გამჭვირვალე გახდა. 2012 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, „იმედისა“ და „რუსთავი 2“–ის დეკლარირებული შემოსავლები, 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა.

„მცირე ტელეარხებმა, მათ შორის, „მაესტრომ“, „კავკასიამ“ და „25–ე არხმა“, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად უფრო მაღალი სარეკლამო შემოსავლები მიიღეს, რაც დიდწილად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ რეკლამაზე გაწეული დანახარჯებით იყო განპირობებული“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

„საერთაშორისო სამჭვირვალობის“ დოკუმენტში წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო გარემოს გაუმჯობესებისთვის რამდენიმე რეკომენდაციაცაა ასახული. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული ყველა ფაქტი სამართლიანად უნდა გამოიძიონ.

„საერთაშორისო სამჭვირვალობის“ წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფოს ნებისმიერი ნაბიჯი, პროპორციული უნდა იყოს, რათა მედიის თავისუფლებასა და მოქალაქეთა უფლებას - მიიღონ ინფორმაცია ზიანი არ მიადგეს.

„საერთაშორისო სამჭვირვალობა - საქართველომ“ დოკუმენტი დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია იმ ძირითადი სფეროების შემაჯამებელი შეფასებები, რომელთა დახვეწა და განვითარება ქვეყნის დემოკრატიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გარანტი იქნება.

ბეჭდვა