სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ორ სპეცრაზმელს ოპერაცია ჩაუტარდა
სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ორ სპეცრაზმელს ოპერაცია ჩაუტარდა
11:25 30.08.2012
თელავის რაიონ სოფელ ლაფანყურთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ორ სპეცრაზმელს ოპერაცია ჩაუტარდათ.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მინისტრი დღეს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა და სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა.

მისი თქმით ის დაჭრილ პაციენტს პირადად გაესაუბრა.

„წეხელ და ამ დილით ახალი პაციენტი არ დაგვმატებია. 5 დაჭრილი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კიდევ ორ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია - ერთს მხარზე, ერთს ბარძაყზე. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრის დევნა ამ დრომდე გრძელდება.

სპეცოპერაციის დროს ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.

დაჭრილი 5 ჯარისკაცი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

ბეჭდვა