სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის სამედიცინო ნაწილის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარინა გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პაციენტს აღენიშნებოდა ქვედა კიდურის წვივის მიდამოში ღია ტრავმული დაზიანება, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად ქირურგის, ნეიროქირურგის და ტრავმატოლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება“-განაცხადა გელანტიამ.
მისივე თქმით, სპეცრაზმელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ უკვე გაავრცელა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სამი მოქალაქის ვინაობის შესახებ ინფორმაცია.
გარდაცვლილები არიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.
შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა, თუმცა, დივერსანტთა დევნის ოპერაცია კვლავ გრძელდება.
