მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბავშვის სკოლიდან გარიცხვა სახელმწიფო ინტერესებში არ შედის.
"ბავშვი, რომელიც სკოლაში რაღაცას ურევს და ხვალ შესაძლოა, კრიმინალის გზას დაადგეს. თუმცა, სკოლიდან გარიცხვა გამოსავალი თავისთავად არ არის და ჩვენს ინტერესებში არ შედის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა არსებობს, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კიდევ საჭიროა.
"პროკურატურას აქვს განრიდების პროგრამა, თუმცა, კიდევ არის საჭირო რაღაც, რომ სანამ ბავშვი დანაშაულს ჩაიდენს ვინმემ მეურვეობა გაუწიოს ან საუკეთესო მოსწავლე მივამაგროთ, რათა ეს ბავშვები არ დავკარგოთ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა წარსულში სკოლებში არსებული კრიმინალური მდგომარეობაც გაიხსენა.
"კარგია, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჩემი ბავშვობის დროინდელი მენტალიტეით ცხოვრება აღარ უხდებათ. ჩვენი ინტერესი არ არის სისასტიკე. ეს გამორიცხულია. მაგრამ ამავე დროს არასოდეს აღარ უნდა დავუბრუნდეთ კრიმინალურ მენტალიტეტს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
