მანუჩარ მარკოიშვილი: ჩვენი მომავალი თაობა იხილავს ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს
მანუჩარ მარკოიშვილი: ჩვენი მომავალი თაობა იხილავს ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს
17:16 24.12.2019
„კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება და სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბური შეჯიბრი 2021 წელს თბილისში ჩატარდება. ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდა მოთამაშეები ნახავენ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს - შეიგრძნობენ დიდ კალათბურთს, ისწავლიან და იოცნებებენ იმაზე, რომ დიდი კალათბურთი მათაც ითამაშონ. ეს გახდება დამატებით მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, საიმისოდ რომ ბევრად მეტი ივარჯიშონ და უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გახდნენ. ევროპის ჩემპიონატი გახლავთ ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევას ყველანი ერთად ღირსეულად გავუმკლავდებით და ევროპის ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ - განაცხადა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა.

პრესკონფერენცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთან ერთად გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.

ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა, რაც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს, უკვე არსებული ოლიმპიური სპორტის სასახლის სრული რეკონსტრუქცია, რომლის ხარჯიც რამდენიმეჯერ ნაკლები დაჯდება.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) საბოლოო კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, კალათბურთის ფედერაციამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება და საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია.
აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს 100 მილიონ ლარზე ბევრად მეტს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი, ოლიმპიური სპორტის სასახლე დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გახდება მულტიფუნქციური. დარბაზი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობაში გასამართ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის საქართველოს მიერ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე გადახდილია 2019 წლის ვალდებულებით გათვალისწინებული ოფიციალური საგარანტიო თანხა - 700 000 ევრო. ჯამში საგარანტიო თანხა 1 800 000 ევროს შეადგენს, რაც მომდევნო ოფიციალური გრაფიკის მიხედვით დაიფარება. კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ასევე არიან - გერმანია, იტალია და ჩეხეთი.

ბეჭდვა