„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალი სამთავრობო პროგრამის – „მეტი სარგებელი ხალხს“ ფარგლებში, რეკლამებისა და აქციების მოწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობისგან უსასყიდლოდ მიღებულ არამატერიალურ ფასეულობად აფასებს.
როგორც „გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, ივლისში საქართველოს მთავრობამ ახალი სამთავრობო პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“ წარადგინა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური დახმარებების ზრდას და სხვა სიკეთეებს ისახავს მიზნად.
მათივე თქმით, აღნიშნულ პროგრამას დღემდე არაერთი სამთავრობო სარეკლამო აქცია თუ ღონისძიება ეძღვნება, რომელთა დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერაა შექმნილი, მმართველმა პარტიამ მთელი საარჩევნო კამპანია ლოზუნგზე - „მეტი სარგებელი ხალხს“ ააგო და საარჩევნოდ შესაბამისი სახელით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ დარეგისტრირდა“ - აცხადებენ „გამჭვირვალობა საქართველოს“ წევრები.
მათი თქმით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ ან მის სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიღებული/გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა შემოწირულობად ითვლება.
„ამის გამო, მთავრობის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში, რეკლამების თუ აქციების მოწყობა შესაძლოა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მთავრობისგან უსასყიდლოდ მიღებულ არამატერიალურ ფასეულობად განვიხილოთ, ხოლო სოციალური დახმარებები თუ მთავრობის დაფინანსებული სხვა პროექტები მთავრობის მიერ ხსენებული პარტიის მხარდასაჭერად გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა“ - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები.
მათივე განცხადებით, მთავრობის მიერ თავისი პროგრამის პოპულარიზაციით მმართველი პარტიის აგიტაციაც ხდება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით კი, სახელმწიფოს მხრიდან პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელება აკრძალულია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთავრობასა და „ნაცმოძრაობას“ მოუწოდებს, იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მთავრობის მოქმედებებისა და პარტიის მიერ ჩატარებული საარჩევნო კამპანიის მკაფიო გამიჯვნა შეძლოს, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.
