ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაჭრილების შეყვანის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ღუდუშაურის კლინიკის სამედიცინო ნაწილის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარინა ლევანტიამ განუცხადა, ჯერჯერობით კლინიკაში დაჭრილები არ შეუყვანიათ.
მისი თქმით, კლინიკის ტერიტორიაზე ვერტმფრენის დაშვების შესახებ სატელეფონო ინფორმაცია აქვს, რომელსაც ამ დროისთვის არკვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკის ტერიტორიაზე დაახლოებით, ნახევარი საათის წინ სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა, რომელმაც კლინიკაში რამდენიმე დაჭრილი შეიყვანა.
სავარაუდოდ, დაჭრილები თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან გადმოიყვანეს, სადაც შსს დევნის სპეცოპერაციას აწარმოებს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში შსს სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაციას ახორციელებდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
