მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ანჩისხატობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ანჩისხატობას ზეიმობს
19:02 28.08.2012
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ედესიდან კონსტანტინოპოლში იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას - ანჩისხატობას აღნიშნავს.

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალ იესო ქრისტეს უკავშირდება.

როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს.

ავგაროზმა იესო ქრისტესს მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.

იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა.

ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.

გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ავგაროზისკენ გაემართა. ქალაქ იეროპოლისს რომ მიუახლოვდნენ, მგზავრებს დაუღამდათ და ღამე ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნის ოჯახში გაათიეს, ხოლო ხატი დაზიანების შიშით ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს.

შუაღამისას ზეციდან ცეცხლის სვეტი ჩამოეშვა და ხატს დაადგა, რომელმაც ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს. როცა ხატი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო.

ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ წმიდა ანტონ მარტმყოფელმა ნახა და ფარულად წამოიღო. იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოსვლისას კი, ხატიც ჩამოასვენა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტის ბრძანებით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამილახვართა ოჯახიდან თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

ბეჭდვა