საქართველო ნომინირებულია მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არის წარდგენილი.
საქართველოს დელეგაციის აქტიურობის შედეგად, ფონდის საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩართვა გადაწყდა და შედეგად, საქართველო ნომინირებულია მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
ფონდის აღმასრულებლი საბჭოს წევრებს შორის დასავლეთ აფრიკის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მექსიკის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და სხვები არიან, სულ, 24 წევრია.
სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე კლიმატის ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის 2020 წლამდე ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას უზრუნველყოფს.
