დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბი გაიხსნა
დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბი გაიხსნა
14:51 28.08.2012
მარშალ გელოვანის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბი დღეს გაიხსნა.

გვირაბში თანამოქლაქეებთან ერთად, პირველმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ავტობუსით გაიარა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ავტოტრანსპორტისთვის მარშალ გელოვანის გამზირი რთული მონაკვეთი იყო, რადგან მუდამ საცობების პრობლემა იყო.

„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მშენებლების ჯგუფი ჩამოყალიბდა. მარტო თბილისში 5 ესტაკადა და 3 გვირაბი შენდება, რომელიც 2 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს“ - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, უამრავმა მშენებლობამ ბევრი კვალიფიციური მუშახელი წარმოქმნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 95 მეტრის სიგრძის ბეტონის გვირაბი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. გვირაბის გარე პერიმეტრი კი, გრანიტით მოპირკეთდა.

ახალი გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან შუქნიშანი გაუქმდა. მოეწყო სატრანსპორტო კვანძი, რაც ავტოტრანსპორტისთვის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა