საზოგადოებრივი მაუწყებლის „პრაიმ-ტაიმის“ სარეკლამო ჭრების საერთო ხანგრძლივობა 24 640 წმ იყო, საიდანაც რეკლამებს, სადაც საარჩევნო სუბიექტები ან სამთავრობო უწყებები ფიგურირებდნენ, 1 543 წმ დაეთმო. ეს მაჩვენებლი 20 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი - 1 ოქტომბერი, ხოლო ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 1 აგვისტოდან დაიწყო. შესაბამისად, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს გარკვეული პირობების დაცვის ვალდებულება დაეკისრათ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემცირდა სამთავრობო უწყებების მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სოციალური რეკლამის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უსასყიდლოდ გადიოდა.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო რეჟიმის მიუხედავად, 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გამოჩენილა არც ერთი პოლიტიკური რეკლამა, სავალდებულო მინაწერით - „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.
მონიტორინგის ამ პერიოდში ყველაზე ხშირად გავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 20 წამიანი პრომო-რგოლი, სადაც ცესკო დადებითი კონტექსტით არის წარმოჩენილი.
ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე ხშირად გასული რეკლამებიდან გამოყოფს განათლების სამინისტროს საინფორმაციო შინაარსის ვიდეორგოლს - „დამატებითი რეგისტრაცია პირველკლასელთათვის“, სარეკლამო რგოლს - „დიდგორობა 2012“, ასევე, რეკლამას „უფასო ვაქცინაცია“, რომლებიც ორგანიზაციის დაკვირვებით, ფარული პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს არ შეიცავს.
30 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში ყველაზე ხშირად გასული რეკლამებს შორის ასევე მოხვდა - „ანაკლია გულითადად გელით“, რომლის ხანგრძლივობა 215 წამია .
აქვეა მოყვანილია პირველი ლედის სანდრა რულოვსის მიერ წარმოებული კამპანიის „საჭესთან ფხიზლად“ ფარგლებში გასული რეკლამები.
ანგარიშში ყველა ზემოაღნიშნულ სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მათში სუბიექტები ძირითადად, დადებითი და ნეიტრალური ტონით გაშუქდა.
