თბილისის N12 ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა
თბილისის N12 ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა
14:20 25.11.2019
თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობაში ინტერიერი სრულად განახლდა - ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგა-ბაღის ეზოში ასფალტის საფარი დააგო.

ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებითა და ანიმატორების შოუთი დახვდა. ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ. სტუმრებმა განახლებული ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და მშობლებსა და პერსონალს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს.

„მეთორმეტე საბავშვო ბაღი, შეიძლება ითქვას, რეაბილიტაციამდე კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი სრულიად ამორტიზებული იყო, ბაღს შემოსასვლელი გზა არ ჰქონდა. სამგორის გამგეობის დახმარებით, დღეს ბაღის ეზოში გადაადგილება უსაფრთხოა. პროექტზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯა და მომავალში ჩვენ ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიზრუნებთ“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ბეჭდვა