სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job“-ში დასაქმებული სტუდენტებისთვის დღეს ხელფასები გაიცემა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ანაზღაურების გაცემა განათლების სამინისტროს, დამსაქმებელ ორგანიზაციასა და სტუდენტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას პროგრამის მონაწილის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ახდენს.
„ვწუხვართ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები არასამუშაო დღეებს, კონკრეტულად შაბათ-კვირას დაემთხვა. გვესმის სტუდენტების მღელვარება. ყველა ის სტუდენტი, რომელმაც დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა ანაზღაურებას „საქართველოს ბანკის“ პლასტიკურ ბარათზე მიიღებს“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ბანკთან ან პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა შეექმნა, შეუძლია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220-ზე დარეკოს.
დასაქმების პროგრამა „Summer Job“ მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდა. მასში 23 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტთა ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს.
