გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსების ტრენინგს უმასპინძლა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსების ტრენინგს უმასპინძლა
17:42 14.11.2019
საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგს, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, წინასწარ შერჩეული 25 მონაწილე ესწრებოდა, რომელთაც გავლილი აქვთ სერტიფიცირება და ნებართვა აქვთ მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს.

აღნიშნულ ტრენინგებს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი სახიფათო ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობენ. თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილე ტექნიკოსები თავად ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები საბოლოო მომხმარებელთათვის, რაც საერთო ჯამში ქვეყნის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ფტორირებული გაზების ემისიების შემცირების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ხელს უწყობს.

როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აცხადებენ,
„ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმისა და გაეროს ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის’’ კიოტოს ოქმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ქვეყანაში სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი განვითარდეს მსოფლიოში მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რადგანაც აღნიშნული სექტორი ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სამრეწველო სათბური აირების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი განახლების პროცესშია, რომელშიც პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.

ზემოთაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, გასული წლის 1-ლი იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.

სერტიფიცირების ვალდებულება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ყველა იმ ტექნიკოსზეც ვრცელდება, რომელიც ემსახურება 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს.


ბეჭდვა