სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ისაუბრა.
პატრიარქის თქმით, ეკლესია მრევლს სხვადასხვა დროს აძლევს დავალებას სხვადასხვა წიგნის წაკითხვის შესახებ და წინა შეხვედრაზე მათ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების წაკითხვა დაევალათ.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, დღეს 19.00 საათზე ახალგაზრდულ ცენტრში ვაჟა-ფშაველას შემოქმედების განხილვა გაიმართება.
„მახსოვს, როცა მშვიდობიანი ურთიერთობა იყო რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთის მთავრობის ერთი წარმომადგენელი მეუბნება - როცა ჩამოვდივარ თბილისში, უპირველეს ყოვლისა ავდივარ მთაწმინდაზე, ვაჟას საფლავს ვემთხვევი და მერე მივდივარ მთავრობასთანო. მართლაც ვაჟა-ფშაველა უდიდესი ფილოსოფოსი და უდიდესი სულიერი ადამიანია“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ წმინდანს შეუძლია თქვას ისეთი სიტყვები, როგორსაც ვაჟა-ფშაველა წერდა და ისიც ყველა წმინდანს არა.
უწმინდესმა დღესვე რამდენიმე სასულიერი პირი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვაზე მყოფი კარატეს ფედერაციის წარმომადგენლებიც დალოცა.
