მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაქსიმე აღმსარებელს იხსენიებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაქსიმე აღმსარებელს იხსენიებს
18:04 25.08.2012
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზეიმო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ხვალ 09:00 საათზე, ხოლო ლოცვას დღეს 18:00 საათზე ჩაატარებს.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი კონსტანტინოპოლში დაიბადა. სიყმაწვილეში მრავალმხრივი განათლება მიიღო. სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას. დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას.

სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა, ამიტომ, ქრისოპოლს მიაშურა და ბერად აღიკვეცა.

ღირსი მაქსიმეს მქადაგებლური მოღვაწეობა კუნძულ კრეტადან დაიწყო. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო.

649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი, მათ შორის, მაქსიმე აღმსარებელიც ესწრებოდა.

კრებამ მონოთელიტობა დაგმო, მისი დამცველები კი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქები - სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა იმპერატორი კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, პაპი მარტინესა და ღირსი მაქსიმეს შეპყრობა ბრძანა. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი, ისევ კონსტანტინეპოლში გადაიყვანეს.

ღირსი მამა თავის ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს. სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა - მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ.

წმიდა მაქსიმემ თავისი აღსასრული იწინასწარმეტყველა და 662 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე ცაგერშია დაკრძალული.


ბეჭდვა