კახაბერ გვანცელაძემ საბავშო ბაღებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
კახაბერ გვანცელაძემ საბავშო ბაღებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
13:59 04.11.2019
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი - სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.

ახალი ბაღების მშენებლობით აღსაზრდელთა რაოდენობა 2500-ით გაიზრდება და 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

სააგენტოს ინფორმაციით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება დამატებითი კორპუსის მშენებლობაა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი თბილისის N10-ე ბაღის ტერიტორიაზე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა.

როგორც კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ახალი ბაღების პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო პროექტრები N200, N126, და N12 ბაგა-ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი ნოემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. ხოლო 2020 წელს დასრულდება N4, N55, N2 და N155 ბაგა-ბაღების შენობების სრული რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების პარალელურად, მუდმივად, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება შედარებით მცირე მასშტაბის, თუმცა ბაღების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, როგორიცაა შიდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, ჯგუფებისა და სამზარეულოების რემონტი და სახურავების განახლება.

ბეჭდვა