ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. როგორც განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სტუდენტი
24 501 აბიტურიენტი გახდა.
მინისტრის თქმით, ჩაირიცხა დარეგისტრირებული აბიტურიენტების 71%, რაც შარშანდელ მონაცემებს 5,3%-ით აღემატება.
„ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა. წელს 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა სრული - 100%-იანი გრანტი მიიღო. სახელმწიფო გრანტისთვის დაახლოებით 12 მლნ ლარამდეა გამოყოფილი“ - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე 2% არ გამოცხადდა. დაგვიანების გამო გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაიშვა. პროცედურული დარღვევების გამო, აბიტურიენტების გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა. სააპელაციო განაცხადი 1 480 აბიტურიენტმა შეიტანა. ქულა კი 333 აპლიკანტს შეეცვალა.
„განათლების სამინისტრომ ახალ სტრატეგიაზე მუშაობა თითქმის დაასრულა, რაც გულისხმობს, რომ მომავალი წლიდან ყველა მეთორმეტე კლასელი გამოცდებს საკუთარ სკოლაში ჩააბარებს“ - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, მომავალ წელს გამოცდები 8 +1 პრინციპით ჩატარდება. აბიტურიენტებს წელიწადში რამდენჯერმე შეეძლებათ აღნიშნული გამოცდის ჩაბარება.
მინისტრის განცხადებით, ასევე, ამოქმედდება სპეციალური საგამოცდო ცენტრები, სადაც ნებისმიერი გრანტის გაუმჯობესების მსურველი და მაგისტრანტი გამოცდის ჩაბარებას შეძლებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 28 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდა.
