"ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების (ETUCE)" ორგანიზებით, პირველად საქართველოში, სამდღიანი მრგვალი მაგიდა გაიხსნა სახელწოდებით - სოციალური
გარდაქმნები პროფკავშირების აქტიური ჩართულობით ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 25 ქვეყნის განათლების პროფკავშირების 68 წარმომადგენელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მასპინძლობს.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიან რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
"რეფორმის განხორციელების პროცესში პროფკავშირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. კომპლექსური რეფორმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ თქვენთან კონსესუსის საფუძველზე მიიღება და ასე გაგრძელდება მომავალშიც" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ETUCE ის პრეზიდენტმა კრისტინ ბლოუერმა და ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა სუზან ფლოკენმა მაღალი შეფასებები მისცეს საქართველოში მიმდინარე სოციალურ პარტნიორობას, სოციალურ დიალოგს. ETUCE-ის პრეზიდენტმა კრისტინა ბლოუერმა წარმატებული უწოდა ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ გარდაქმნებს, რაც მისი თქმით, არის გარანტი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისა.
ETUCE-ი ყოველ მეორე წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების პროფკავშირული ლიდერებისთვის მართავს მრგვალ მაგიდას, რომლის მიზანია ევროპის რეგიონის განათლების დარგისთვის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა. აღსანიშნავია, რომ ETUCE ევროპის 51 ქვეყნის, 132 განათლების პროფკავშირის 11 მილიონ მასწავლებელს აერთიანებს, შესაბამისად, მაღალი დონის საერთაშორისო მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოში დადასტურებაა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების აღიარებისა და მხარდაჭერის.
