სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს აქცია გამართეს და უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება გააპროტესტეს.
როგორც „ნიუსპრესს“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრების დაფიქსირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, გონაშვილს ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა სოლიდარობა გამოუცხადა და სამსახურიდან წავიდა.
„უნივერსიტეტის წარმომადგენლები მათ შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მათ კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული. პროფესორები პოლიტიკური მრწამსის გამო არ უნდა იდევნებოდნენ და განათლების სისტემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პოლიტიზებული“-განაცხადა კობაიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობაში უხეშად ერევა და ლექტორების შეხედულებებს არ ითვალისწინებს.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოხდა, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის გამო, სამსახურიდან პროფესორი ნოდარ ხადური გაათავისუფლეს.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ყველა უნივერსიტეტის ლექტორს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ 25 ლექტორი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, რადგან ისინი უნივერსიტეტის შტატგარეშე თანამშრომლები იყვნენ.
მათივე განმარტებით, ლექტორები უნივერსიტეტში სემესტრიდან სემესტრამდე ასწავლიდნენ და მათ ახალი კონტრაქტები გაფორმებული არ ჰქონდათ. რაც შეეხება მაია გონაშვილს, უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ის სამსახურიდან რეორგანიზაციის გამო დაითხოვეს.
