საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოსნიის დამარცხების შემდეგ, დღეს სპორტის სასახლეში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ლატვიას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოსა და ბოსნიის მსგავსად, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე თამაშის ამბიცია აქვს.
იგორ კოკოშკოვის გუნდი სარაევოდან თბილისში 22 აგვისტოს დაბრუნდა. ქართველი კალათბურთელები აღიარებენ, რომ დღევანდელი მოწინააღმდეგე არანაკლებ ძლიერია, ვიდრე ბოსნია.
საქართველოს ნაკრები ოთხჯერ შეხვდა ლატვიას და მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გამარჯვება.
ლატვიას 2013 წლის „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო რაუნდში ორი მატჩი აქვს გამართული – სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში წააგო ბოსნიასთან, ხოლო შინ ჰოლანდია დაამარცხა.
საქართველოსა და ლატვიას შორის თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.
