კახეთში რთველის საორგანიზაციო შტაბი ამოქმედდა
კახეთში რთველის საორგანიზაციო შტაბი ამოქმედდა
11:37 24.08.2012
კახეთის რეგიონში რთველის საორგანიზაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. შტაბის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის  ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შევიდნენ, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ყურძნის დაკრეფისა და მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის საკითხებს კოორდინაციას გაუწევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ბოლო დროს მომხდარი სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის გათვალიწინებით, ყურძნის სახელმწიფო ვაუჩერით ანაზღაურებული თანხა, გასულ წელთან შედარებით, შავ ყურძენზე - 25-დან 35 თეთრამდე, ხოლო თეთრ ყურძენზე 15-დან 25 თეთრამდე გაიზრდება.

რეგიონში უკვე ამოქმედდა ყურძნის მიმღები 55 პუნქტი, სადაც 1 კილოგრამ შავი ყურძენს 1 ლარად შეისყიდიან.

ამასთან, მოსახლეობას სეტყვისგან დაზიანებული მოსავლის ჩაბარების შესაძლებლობაც ექნება. დასეტყვილი ყურძნის ფასი კილოგრამზე 35 თეთრიდან დაიწყება.

სტიქიამ, ივლისსა და აგვისტოში კახეთის რეგიონში ათასობით ჰექტარზე ვენახები გაანადგურა.

ბეჭდვა