კომუნიკაციების კომისიამ ინდმეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ წინააღმდეგ „მაესტროს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ ინდმეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ წინააღმდეგ „მაესტროს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
16:28 23.08.2012
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს სხდომაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის – ინდმეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ წინააღმდეგ  ტელეკომპანია „მაესტროს“ საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა.

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „მაესტრო“ ინდმეწარმე „დარეჯან როკეტიშვილს“ ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, კერძოდ, ბორჯომის საკაბელო ოპერატორს „მაესტრო“ საკუთარ საკაბელო ქსელში დღემდე არ ჰყავდა ჩასმული.

ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 21 აგვისტოს მიმართა.

კომისიის ცნობით, დღეს სხდომაზე ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება ჰქონდა.

კომისიის ინფორმაციის თანახმად, დარეჯან როკეტიშვილის განცხადებით, „მაესტროს“ მისი კომპანიისთვის ჩართვის მოთხოვნით არც წერილობით და არც სატელეფონო შეტყობინებით არ მიუმართავს და შესაბამისად, ის ქსელში არ ჩაურთავს. მისივე განცხადებით, „მეცხრე არხმა“ მიმართა და 2 აგვისტოდან ეს სამაუწყებლო არხი ჩართულია.

როგორც როკეტიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ „მაესტრო“ ბორჯომის საკაბელო კომპანიის ქსელით გავრცელდეს, კომპანიას მაუწყებლის გავრცელების ტექნიკური პარამეტრები სჭირდება. აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა „მაესტროს“ დირექტორი ილია კიკაბიძე, თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხვალიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალი ბორჯომის საკაბელო კომპანიის ქსელშიც გავრცელდება.

„კომისიამ ყველა მტკიცებულების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, „სტუდია მაესტროს“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან „დარეჯან როკეტიშვილს“ დარღვევა არ დაუდასტურდა“- აცხადებენ კომინიკაციების ეროვნულ კომისიაში.

მარეგულირებლის ცნობით, კომისიას რჩება შთაბეჭდილება, რომ „მაესტროს“ ხელმძღვანელობა ცდილობს ხელოვნურად გაართულოს სიტუაცია და შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, წინასაარჩევნოდ ე.წ “Must Carry“-ს განხორციელების პროცესი ჭიანურდება ან სამაუწყებლო კომპანიის მიზანი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სანქცირებაა.

ბეჭდვა