ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
11:06 23.08.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ფერმერებს ახალი ინიციატივა გაცნო, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ეხება.

„ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ძირითადი ნაწილი გამგებლებზე, საკრებულოებსა და სოფლის რწმუნებულებზე გადანაწილება, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვების, ლიცენზიების თუ სხვა რეგულაციების საკითხები ადგილზე გადაწყდება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

პრემიერის შეფასებით, დეცენტრალიზაციის შემდეგ, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ სოფელსა თუ დაბაში გადაწყვეტილების ადგილზე მიღება გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნება, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან ერთად, უკეთესად იცის საკუთარი რაიონის თუ სოფლის სპეციფიკური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.

ამასთან, მერაბიშვილის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იგეგმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 საწარმოს შექმნა; დამატებით სულ მცირე 95 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა, 35 ათასი ჰექტარი დატბორილი მიწის დაშრობა და სავარგულად ქცევა.

„ბოლნისისა და დმანისის რაიონები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი რაიონებია, ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო მეტი პროდუქციის წარმოება იყოს ამ რაიონებში შესაძლებელი“ - განაცხადა პრემიერმა.

ბეჭდვა