არასამთავრობო ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოება“ რუსეთის პატრიარქს კირილს ე.წ სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული
მოვლენების შეჩერების თხოვნის წერილს დღეს, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადაუგზავნის.
როგორც „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ აღნიშნა, დოკუმენტი სახრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის ტერიტორიის სრული დაშლისკენ მიმართული პროცესების შეწყვეტის თხოვნას შეიცავს.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესები ანტიისტორიულ, არაჰუმანურ და არაკანონიერ ხასიათს ატარებს, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებების შელახვა გამოიწვიოს.
არჩილ ჭყოიძის განცხადებით, რუსეთის პატრიარქი ცხინვალსა და სამაჩაბლოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების განადგურებისა და ქართული სოფლებისთვის სახელების გადარქმევის შეჩერების თხოვნით, სწორედ მას მიმართავენ.
„ახლო წარსულში განვითარებულმა ნეგატიურმა პროცესებმა გარკვეულწილად შეაფერხა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენში დღემდე შემორჩენილია იმედი, რომ საერთო სარწმუნოება კი არ ჰყოფს, არამედ აერთიანებს და კეთილად განაწყობს ადამიანებს“ - ნათქვამია თხოვნის წერილში.
მიმართვაში ასევე, აღნიშნულია, რომ „ერეკლე მეორის საზოგადოება“ რუსი ერის სულიერ მამას იმის გამო მიმართავს, რომ მას პოლიტიკურ მოღვაწეებზე გაცილებით დიდი მისია აკისრია.
„ამჟამად, ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელით ცნობილი ადმინისტრაციული წარმონაქმნის ხელისუფალთა გადაწყვეტილებამ - მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული სოფლებისთვის სახელების შეცვლის, იქაური ისტორიული იერსახის, კულტურულ-რელიგიური ძეგლების და ამ დასახლებული ადგილების ერთიანი ქართული სივრციდან სრული დეზინტეგრაციის შესახებ, ფრიად შეგვაშფოთა“ - აღნიშნულია წერილში.
„ერეკლე მეორის საზოგადოების“ წევრები იმედოვნებენ, რომ რუსეთის პატრიარქი აღნიშნული პროცესების შეჩერებას ცდას არ დააკლებს.
