"თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით, ხვალ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
"თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით, ხვალ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
14:25 28.09.2019
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება" - აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

· კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;

· თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით;

· გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები;

· მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

· სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;

· ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;

· ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს;

· ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ;

· უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით;

· ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ბეჭდვა