ლევან კარანაძე ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ლევან კარანაძე ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
11:48 27.09.2019
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ოთხი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები (ქუვეითი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საქართველო და კორეის რესპუბლიკა) ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა წარადგინა. ასამბლეამ წარმოდგენილ კანდიდატებს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ICAO-ს ასამბლეა წარმოადგენს ორგანიზაციის სუვერენულ ორგანოს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საბჭოს ინიციატივით იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში, მომავალი სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ასამბლეაზე წარმოდგენილია ICAO-ს 193 წევრი სახელმწიფო, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები და ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლები. მიმდინარე საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართება ICAO-ს საბჭოს ახალი წევრების არჩევნები, ასევე დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს.

საქართველოს წარმომადგენელი ICAO-ს ასამბლეის ფარგლებში პირველად იქნა არჩეული. ლევან კარანაძის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატების გადმოცემა უძღოდა წინ.

„ICAO-ს ასამბლეა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის გადმოგვეცა ორი სერტიფიკატი, ასევე საქართველოს კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩვენი მიღწევების და დასახული კურსის აღიარებას საერთაშორისო დონეზე“- განაცხადა ლევან კარანაძემ.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არის გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის სრულუფლებიანი წევრი საქართველო 1994 წლიდან გახდა.
ბეჭდვა