„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგით, პრესაში ძირითადად, „ქართული ოცნების“, პრეზიდენტის და მთავრობის შესახებ შუქდება
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგით, პრესაში ძირითადად, „ქართული ოცნების“, პრეზიდენტის და მთავრობის შესახებ შუქდება
12:14 22.08.2012

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პრესის წინასაარჩევნო

 მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რამდენიმე ბეჭდურ გამოცემაში ყველაზე აქტიურად კოალიცია „ქართული ოცნების“, პრეზიდენტის და მთავრობის შესახებ გაშუქდა.

„სამართლიანი არჩევნების“ პრესის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური შედეგები, რომელიც 2012 წლის 11 მაისიდან 13 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, შერჩეული 10 ქართული ბეჭდური გამოცემის მასალის რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს გულისხმობს.

მონიტორინგი ჟურნალ-გაზეთებზე - „24 საათი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „კვირის ქრონიკა“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „ტაბულა“, „თბილისელები“, „გზა“ და „სარკე“ განხორციელდა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელისუფლო სუბიექტების - პრეზიდენტისა და მთავრობის მიმართ რიგ გამოცემებში ტონი ნეგატიურია.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ ნეიტრალური ტონი ჭარბობს, თუმცა, გვხვდება პოზიტიურად გაშუქების შემთხვევებიც.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ გამოცემებში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის „ლეიბორისტული პარტია“, „სახალხო კრება“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ამომრჩეველთა ლიგა“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაშუქდნენ, მათ შედარებით ნაკლები ფართობი დაეთმოთ.

რაოდენობრივი მონაცემების გარდა, „სამართლიანი არჩევნები“ პროექტის ფარგლებში ბეჭდურ მედიაში ჟურნალისტების მიერ ისეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას აკვირდება, როგორებიცაა ბალანსი, სიზუსტე და სტატიის ენა.

ამასთან, რიგი გამოცემებისა მეტ-ნაკლებად ცდილობდა დაეცვა ეს სტანდარტები და დაბალანსებულად და ფაქტებზე დაყრდნობით მოეწოდებინა მკითხველისთვის ინფორმაცია, თუმცა, ზოგჯერ გამოცემები გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ ფაქტებსაც ავრცელებდნენ.

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

ბეჭდვა