თბილისის ზღვაზე კუსტარული რეკრეაციული ზონის მოწესრიგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იგეგმება
თბილისის ზღვაზე კუსტარული რეკრეაციული ზონის მოწესრიგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იგეგმება
14:23 23.09.2019
კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები ხვალ გამართავენ აქციას თბილისის ზღვაზე - ე.წ. კოშკთან, სადაც წლების განმავლობაში კუსტარული პლაჟია მოწყობილი და ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეები მაშველების მომსახურების გარეშე ისვენებენ.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. დიდი პრობლემაა წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. პრობლემაა გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები. წყლის ობიექტებზე არსებული საფრთხეების შესახებ აუცილებელია, საზოგადოება დროულად და ეფექტიანად იყოს ინფორმირებული.

თბილისის ზღვაზე, ე. წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყალსაცავს საინჟინრო არხით მდინარე იორის წყალი უერთდება, ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილად არის მიჩნეული. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების - „სიკვდილის ზონები საქართველოში“ თანახმად, ამ ადგილას 2016 წლის 4 აგვისტოს 9 წლის გიორგი ძულიაშვილი ნაპირთან ახლოს დედის თვალწინ დაიხრჩო.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენად უსაფრთხოა ბანაობა თბილისის ზღვაზე მოქალაქეების მიერ კუსტარულად მოწყობილ რეკრეაციულ ადგილებში. ამავე დროს, ზოგადად, გადასაწყვეტია, სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, რამდენად მიზანშეწონილია ბანაობა თბილისის წყალსაცავში, რომელიც საქართველოს დედაქალაქის სასმელი წყლის მთავარი აუზია.


ბეჭდვა