სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება. როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წელს
„თბილისობის“ დღესასწაული 34-ედ აღინიშნება.
მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებებით თბილისის ძველი უბანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაიტვირთება.
ტრადიციულად, მეიდანზე დაიდგმება საწნახელი, აბანოთუბანში კი, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები ჩატარდება.
ასევე, „თბილისობის“ ფარგლებში ხილისა და ჩაის ფესტივალები, ავტო-შოუ, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა პოეტების საღამო და ლიტერატურული კონკურსი „გალას“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაა დაგეგმილი.
საზეიმო ღონისძიებების დროს, თბილისის მერი გიგი უგულავა საპატიო თბილისელებს დააჯილდოებს.
ღონისძიებების ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ქართული სამკაულების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. ასევე, საქართველოს ეროვნული საგანძურის ექსპონატების სამგანზომილებიან ფოტო გამოფენას წარმოადგენენ.
საზეიმო ღონისძიებები ევროპის მოედანზე, გალა კონცერტით დასრულდება.
