საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში უძველესი ისტორიული დოკუმენტების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ არქივიდან აცნობეს, ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული ქართული ისტორიული საბუთების დედნების კოლექცია XI-XIX საუკუნეებით თარიღდება, რომელთაგან უკვე 4000-ზე მეტი დოკუმენტის ელექტრონული ვერსიაა შექმნილი.
დიგიტალიზაცია თანამედროვე აპარატურით ხორციელდება, რაც უძველესი დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო გადაღებას და დაზიანებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მასალები შინაარსის მიხედვით მრავალფეროვანია. მათ შორისაა წყალობისა და ნასყიდობის წიგნები, სხვადასხვა სამართლებრივი ძეგლი, რელიგიური შინაარსის დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას, ფეოდალური მიწათმფლობელობის საკითხებს, წეს-ჩვეულებებს, საბაჟო სისტემას, ქალაქებისა და სოფლების მშენებლობას და ეკლესიის მდგომარეობას ასახავს.
არქივში განმარტავენ, რომ საბუთებს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან მათი უმეტესობა გაცემულია ქართველი მეფეების, კათალიკოსებისა და დიდებულების მიერ და ხშირ შემთხვევაში მათივე ხელმოწერით არის დამოწმებული.
„ძველ საბუთთა დედნების კოლექციის ელექტრონული ასლების შექმნა შესაძლებელს გახდის თავიდან ავიცილოთ დოკუმენტების ხშირი გამოყენება, რაც მათ ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს“-აცხადებენ ეროვნულ არქივში.
დოკუმენტების ციფრული ასლები ძველი საბუთებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისა თუ მკვლევარისთვის ხელმისაწვდომი უმოკლეს დროში გახდება.
