თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალისა და მისი აღმოფხვრის გზებზე, დედაქალაქის მერის
გიგი უგულავას ხელმძღვანელობით, დღეს ქალაქის მთავრობა საგანგებო სხდომაზე მსჯელობს.
როგორც უგულავამ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, ზარალი 1,5- 2 მლნ ლარი იქნება და ეს თანხა დაუყოვნებლივ გამოიყოფა სარეზერვო ფონდიდან.
სტიქიამ ძირითადად დიდგორისა და ისანი-სამგორის რაიონების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.
როგორც მერმა აღნიშნა, საერთო ჯამში 500-მდე ოჯახს დაუზიანდა სახურავი, რაც 50 000 კვ.მ ფართობს შეადგენს.
უგულავამ შესაბამის სამსახურებს დაავალა, უმოკლეს ვადებში გადაწყვიტონ ყველა ბიუროკრატიული საკითხი იმისთვის, რომ აღდგენითი სამუშაოები დროულად დაიწყოს და 7 სექტემბრამდე დასრულდეს.
ძლიერი სეტყვა და წვიმა თბილისში 19 აგვისტოს მოვიდა.
