საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კახეთის ადგილობრივ
ხელისუფლებასთან ერთად, გურჯაანში საგანგებო თათბირი გამართა.
მერაბიშვილმა მინისტრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალის დროულად დათვლა დაავალა, რათა კომპენსაციის რაოდენობა განისაზღვროს.
„ზარალის დათვლის სამუშაოებში კახეთის ყველა რაიონის გამგებელი უნდა ჩაერთოს. დაზარალებულ რაიონებში ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ჩამოვლენ და ვითარებას ადგილზე შეისწავლიან“ - აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაზარალებულებს სასოფლო-სამეურნეო ღონისძებების გატარებაში დაეხმარებიან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო დამატებით სახსრებს გამოყოფს, რომ კომპენსაციის გარეშე არცერთი დაზარალებული არ დარჩეს.
ამასთან, მერაბიშვილის თქმითვე, საგანგებო შტაბი სალიკვიდაციო სამუშაობის დასრულებამდე გურჯაანის გამგეობაში განთავსდება.
წინასწარი ინფორმაციით, წუხელ ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად საგარეჯოს, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებში 600 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
წუხელ პრემიერ-მინისტრთან ერთად სტიქიის ზონაში თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ლევან ბეჟაშვილი იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის კახეთში მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც ადგილობრივებს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარებიან.
