კოალიცია „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის ბაღის შესაძლო გაჩეხვას აპროტესტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხარტიშვილმა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებთან ერთად აქცია-ბრიფინგი გამართა და ბაღის ტერიტორიაზე შესაძლო მშენებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა მოითხოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩხარტიშვილმა განუცხადა, სასახლის პედაგოგთა ნაწილმა აღნიშნული ძეგლის უნიკალურ ბაღში სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ „ქართულ ოცნებას“ მიმართა.
მისი თქმით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღს, თბილისში ოთხ ბაღთან ერთად, ისტორიული ბაღის სტატუსი აქვს.
„აღნიშნული ბაღი იმდროინდელი ლანდშაფტური პერიოდის ნიმუშია. შესაბამისად, აქ ყოველგვარი ცვლილებები, მით უმეტეს ხეების გაჩეხვა დაუშვებელია. იურიდიული, მორალური და ესთეტიკური თვალსაზრისით, მისი გადაკეთება ყოვლად მიუღებელია“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლებელია, მხოლოდ ბაღის დასუფთავება და მოწესრიგება, მაგრამ არა მისი ფორმის ცვლილება.
ჩხარტიშვილის თქმით, ბაღის ნაწილზე მოხსნილია შედარებით გვიანდელი ღობე, რის გაკეთებას გეგმავენ შიგნით ჯერ უცნობია.
„აქ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო აბრა უნდა იყოს წარმოდგენლი, რომელიც სპეციალისტების გეგმებს გაგვაცნობდა, მაგრამ აბრა არ არის და ეს დარღვევაც სახეზეა. ეს ყველაფერი აღრმავებს ჩვენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბაღის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მასშტაბის სამუშოები შეიძლება იგეგმებოდეს“ - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული შესაძლო მშენებლობისთვის ბაღის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებიც გაიჩეხოს.
