ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს საქართველოში წინასაარჩევნოდ მედიაში არსებული ვითარების გასაცნობად, „საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას და „მე-9 არხის“ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს შეხვდება.
შეხვედრა თბილისში იტალიის საელჩოში შედგება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში, ახლადარჩეული პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით, 22 აგვისტომდე დარჩება.
დელეგაცია ვიზიტის პირველ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს შეხვდება.
შეხვედრა დაგეგმილია ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს” და არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
დელეგაცია წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება.
