გია გუგუშვილი გამოცდების ახალ მოდელზე: ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი და დროული რეფორმაა
გია გუგუშვილი გამოცდების ახალ მოდელზე: ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი და დროული რეფორმაა
17:36 07.08.2019
თბილისის აპლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს ეხმიანება და შეფასებას აძლევს:

„ამ ცვლილებებს, ცხადია, წინ უძღოდა განხილვები, რომელშიც ჩვენც, სახელოვნებო ინსტიტუტების წარმომადგენლებიც ვიღებდით მონაწილეობას. კონსულტაციების შედეგად სამინისტრომ გაითვალისწინა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ძველი მოდელი ჩვენ გარკვეულ სირთულეებს გვიქმნიდა. ჩვენ გვაქვს შემოქმედებითი ტური, რომლის ჩაბარებაც სამხატვრო აკადემიაში მოსახვედრად გადამწყვეტი პირობაა. წარმოიდგინეთ, გვქონია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი, რომელსაც 90 ქულა ჰქონდა მიღებული ხატვაში, უნარების გამოცდაში ერთი ქულის დაკლების გამო გარეთ დარჩა. იგივე ხდებოდა კონსერვატორიასა და თეატრალურ უნივერსიტეტშიც. სწორედ ამიტომ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მივესალმები ამ ახალ იდეასა და ცვლილებებს.

ვიმედოვნებ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი ჩვენ ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემს და უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აბიტურიენტების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა გვექნება. არ შეიძლება იმის არ დანახვაც, რომ ამ ცვლილებებმა არჩევანის შესაძლებლობა გაუჩინა უნივერსიტეტებს, კერძოდ, ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ დამატებითი საგამოცდო საგნის არჩევა შეგვიძლია. ეს არის უნივერსიტეტების ავტონომიურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი და დროული რეფორმაა.“


ბეჭდვა